MediClub Georgia and the Georgian Hair Research Society (GHRS) offer a one-day course in Trichology. January 31, 2026.
ფსორიაზი არის კანის ქრონიკული, მორეციდივე (გამწვავებებით მიმდინარე), ანთებითი აუტოიმუნური დაავადება. ის საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია დაავადებული.
რა უნდა ვიცოდეთ ფსორიაზის შესახებ:
ახასიათებს კანზე მოვარდისფრო ან მოწითალო ფერის პაპულები (მცირე ზომის კვანძები) და ბალთები (უფრო დიდი ზომის, შეხორცებული კვანძები), რომლებიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით.
გამონაყარი შეიძლება იყოს ლოკალიზებული ერთ კონკრეტულ ადგილას ან გავრცელდეს მთელ სხეულზე.
ხშირად ახლავს ქავილის და ტკივილის შეგრძნება.
ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს აქვთ ართრიტის (სახსრების ანთება), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური დარღვევების და ფსიქიკური პრობლემების განვითარების მაღალი რისკი.
ფსორიაზი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირად იწყება 20-დან 30 წლამდე და 50-დან 60 წლამდე ასაკში.
პაციენტების 90%-ზე მეტს აღენიშნება ოჯახური ისტორია (მემკვირეობითი ფაქტორი).
რა იწვევს ფსორიაზის გამოვლენას ან გამწვავებას?
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზის პირველად გამოვლენა ან უკვე არსებული დაავადების გამწვავება:
კანის ტრავმა ან ნაკაწრები
სხვადასხვა ტიპის ინფექციები
სტრესი
ზოგიერთი მედიკამენტი
ფსორიაზის ძირითადი ფორმები:
ვულგარული ფსორიაზი (ჩვეულებრივი ფსორიაზი): ყველაზე გავრცელებული ფორმაა და გვხვდება ფსორიაზით დაავადებულთა 90%-ში. გამონაყარი ძირითადად ლოკალიზებულია კიდურებზე, თავის თმიან არეში, გულმკერდსა და მუცელზე.
ნაოჭების ფსორიაზი: ვულგარულთან შედარებით ნაკლებად აქერცლილი გამონაყარია, რომელიც ვითარდება კანის ნაოჭებში (მაგალითად, იღლიის ქვეშ, საზარდულში, მკერდის ქვეშ). მაღალმა ტემპერატურამ, ტენიანობამ, ტრავმამ და ინფექციებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას.
ერითროდერმული ფსორიაზი: ხასიათდება კანის ფართოდ გავრცელებული სიწითლით (ერითემა) და ხშირად ახლავს ზოგადი სიმპტომები. შეიძლება განვითარდეს თანდათანობით ხანგრძლივი ფსორიაზის ფონზე ან დაიწყოს უეცრად მსუბუქი სიმპტომების შემდეგ.
პუსტულოზური ფსორიაზი: ხასიათდება ჩირქოვანი ბუშტუკების (პუსტულების) წარმოქმნით. ლოკალური ფორმაა ხელისა და ფეხისგულების ფსორიაზი. მძიმე ფორმაა ცუმბუშის პუსტულოზური ფსორიაზი, რომელსაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოჰყვეს.
წვეთისებური ფსორიაზი: გვხვდება ფსორიაზით დაავადებულთა დაახლოებით 2%-ში, ძირითადად 30 წლამდე ასაკში. გამოიხატება 1-დან 10 მმ-მდე ზომის, მოვარდისფრო ფერის პაპულებით, ზედაპირზე მსუბუქი აქერცვლით. ხშირად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექციიდან რამდენიმე კვირაში.
ფსორიაზის სხვა გამოვლინებები:
ფრჩხილების დაზიანება (ონიქოდისტროფია): გვხვდება ფსორიაზით დაავადებულთა 80-90%-ში და გამოიხატება ფრჩხილებზე ჩანაჭდევების, გასქელების, ფერის შეცვლის სახით. ხელის ფრჩხილები უფრო ხშირად ზიანდება, ვიდრე ფეხის. ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანება რთულად ემორჩილება მკურნალობას.
ფსორიაზული ართრიტი: არის სერონეგატიური ართრიტი (სისხლში რევმატოიდული ფაქტორი არ აღინიშნება), რომელსაც აქვს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება. უმეტესად ვითარდება კანზე ფსორიაზის გამოვლენიდან დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ და გვხვდება ფსორიაზით დაავადებულთა 42%-მდე. ქალებსა და მამაკაცებში ართრიტის განვითარების სიხშირე თანაბარია. ფსორიაზული ართრიტის სიმძიმე არ არის დაკავშირებული კანის დაზიანების სიმძიმესთან.
ფსორიაზის დიაგნოსტიკა და დიფერენციალური დიაგნოზი:
ფსორიაზის დიაგნოზი ძირითადად ისმება ანამნეზისა (პაციენტის ჩივილები და სამედიცინო ისტორია) და კლინიკური გამოვლინების (კანზე გამონაყარის დათვალიერება) საფუძველზე. იშვიათად საჭირო ხდება კანის ბიოფსიის ჩატარება დიაგნოზის დასაზუსტებლად.
მნიშვნელოვანია ფსორიაზის გამიჯვნა სხვა კანის დაავადებებისგან, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები აქვთ. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება:
სებორეული დერმატიტი
დისჰიდროზული ეგზემა
ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი
წამლისმიერი გამონაყარი
თავის თმიანი არის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია)
ონიქომიკოზი (ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია)
ფსორიაზის დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობის შერჩევა ხელს შეუწყობს დაავადების სიმპტომების კონტროლს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუ თქვენ გაქვთ ფსორიაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს.