MediClub Georgia and the Georgian Hair Research Society (GHRS) offer a one-day course in Trichology. January 31, 2026.
ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი ბრტყელი ლიქენის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა და უპირატესად თმის ფოლიკულებს აზიანებს.
რა უნდა ვიცოდეთ ფოლიკულური ბრტყელი ლიქენის შესახებ:
უფრო ხშირად გვხვდება 50 წლის ასაკში და ქალებში უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში.
დაავადების საწყის ეტაპზე, როგორც წესი, აზიანებს თხემის მიდამოს.
პაციენტები ხშირად უჩივიან ქავილის, მოჭიმვის შეგრძნებას და თავის კანის მომატებულ მგრძნობელობას.
როგორ ვლინდება ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი:
კლინიკურად კლასიკური ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი გარეგნულად შესაძლოა დისკოიდურ წითელ მგლურას ჰგავდეს.
თმაგაცვენილი კერები თავდაპირველად მცირე ზომისაა, თუმცა შემდგომში შესაძლებელია მათი გაერთიანება და უფრო დიდი უბნების წარმოქმნა.
დაზიანებულ კერებში აღინიშნება ფოლიკულური ჰიპერკერატოზი (თმის ფოლიკულების ირგვლივ კანის გასქელება) და პერიფოლიკულური ერითემა (თმის ფოლიკულების ირგვლივ კანის სიწითლე).
მოქაჩვითი ტესტის (Pull ტესტი) ჩატარებისას ცვივა ანაგენის ფაზაში (ზრდის ფაზაში) მყოფი თმის ღერები.
შემთხვევათა 17-28%-ში შესაძლებელია პროცესის გავრცელება და გასცდეს თავის თმიან არეს.
ფოლიკულური ბრტყელი ლიქენის ფორმები:
ფოლიკულური ბრტყელი ლიქენის ძირითადი ფორმებია:
კლასიკური ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი: ზემოთ აღწერილი ტიპიური გამოვლინება.
ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია: ამ ფორმის დროს თმის ცვენა ძირითადად იწყება შუბლის წინა ხაზიდან და თანდათან უკან იწევს. ხშირად ზიანდება წარბებიც.
გრეჰემ-ლითლის სინდრომი: იშვიათი სინდრომია, რომელიც მოიცავს თავის თმიან არის ფოლიკულურ ბრტყელ ლიქენს, არანაწიბუროვან ალოპეციას იღლიისა და საზარდულის მიდამოში და ზოგჯერ გენიტალურ პაპულებს.
მნიშვნელოვანია, თმის ცვენის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელს შეუწყობს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და თმის შემდგომ დაზიანების თავიდან აცილებას.