MediClub Georgia and the Georgian Hair Research Society (GHRS) offer a one-day course in Trichology. January 31, 2026.
დისექციური ცელულიტი, ასევე ცნობილი როგორც ჰოფმანის ფოლიკულიტი, არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის თმიან მიდამოში მორეციდივე ჩირქოვანი კერების, აბსცესების და ფისტულების წარმოქმნით, რაც საბოლოოდ ნაწიბუროვან ალოპეციას იწვევს. კონგლობირებულ და ინვერსულ აკნესთან ერთად, ის წარმოადგენს ფოლიკულის დახშობით მიმდინარე დაავადებათა ტრიადის ნაწილს.
რა უნდა ვიცოდეთ დისექციური ცელულიტის შესახებ:
უმეტესად ვითარდება მამაკაცებში 18-დან 40 წლამდე ასაკში.
შედარებით ხშირია აფრო-ამერიკულ რასაში, ვიდრე ევროპულ პოპულაციაში, თუმცა შესაძლებელია სხვა პოპულაციებშიც შეგვხვდეს.
ქალებში და ბავშვებში დაავადების განვითარება ძალზე იშვიათია.
პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თმის ფოლიკულების დახშობა (ოკლუზია), ცხიმის ჭარბი გამოყოფა (სებორეა), ანდროგენული ჰორმონების გავლენა, მეორადი ბაქტერიული ინფექცია და იმუნური სისტემის ანომალური პასუხი ბაქტერიულ ანტიგენებზე.
დისექციური ფოლიკულიტი უპირატესად ლოკალიზდება თავის გვირგვინის მიდამოში.
კლინიკური გამოვლინებები:
დაავადების დასაწყისში ვლინდება ფოლიკულური ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები) და მცირე ზომის კვანძები (პაპულები), რომლებიც შემდგომ ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნის მკვრივ კვანძებს.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვითარდება ჩირქოვანი კოლექციები (აბსცესები) და კანქვეშა არხები (ფისტულები).
დაზიანებულ ელემენტებზე ზეწოლისას გამოიყოფა სეროზულ-ჩირქოვანი სითხე.
ქრონიული, გამწვავებებით მიმდინარეობის შემთხვევაში ყალიბდება ნაწიბუროვანი ალოპეცია (თმის ცვენა ნაწიბურების წარმოქმნით).
დისექციური ფოლიკულიტი შესაძლებელია თანაარსებობდეს სხვა დაავადებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ფოლიკულების დახშობასთან, როგორიცაა კონგლობირებული აკნე, ჩირქოვანი ჰიდრადენიტი და ფოლიკულური კისტები. აღნიშნული კომბინაცია ცნობილია როგორც ფოლიკულური ოკლუზიის სინდრომი.
ასოცირებული მდგომარეობები:
არსებობს ცნობები, რომ დისექციური ცელულიტი შესაძლებელია ასოცირებული იყოს შემდეგ მდგომარეობებთან:
სპონდილოართროპათია (სახსრების ანთებითი დაავადება)
სტერნოკლავიკულური ჰიპეროსტოზი (გულმკერდის ძვლების პათოლოგიური ზრდა)
SAPHO სინდრომი (სინოვიტი, აკნე, პუსტულოზური აკროდერმატიტი, ჰიპეროსტოზი, ოსტეომიელიტი)
მარგინალური კერატიტი (თვალის რქოვანას ანთება)
მეორადი ბრტყელუჯრედოვანი კიბო
ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ოსტეომიელიტი (ძვლის ტვინის ანთება)
მოვეგეტირე პიოდერმია (კანის ქრონიკული წყლულოვანი დაავადება)
დევერჟის დაავადება (კანის იშვიათი დაავადება)
ჰისტოპათოლოგიური მახასიათებლები:
მიკროსკოპულად დაზიანებულ ქსოვილში აღინიშნება შემდეგი ცვლილებები:
თმის ფოლიკულის ხვრელის გაფართოება.
ფოლიკულში და მის გარშემო ჩირქოვანი კოლექციების (აბსცესების) წარმოქმნა.
ფოლიკულის კედლის რღვევა, რასაც მოჰყვება ანთებითი ინფილტრატის წარმოქმნა, რომელიც შეიცავს პლაზმურ უჯრედებს და უცხო სხეულის გიგანტურ უჯრედებს ფოლიკულის ირგვლივ კანში და ზედაპირულ ცხიმოვან ქსოვილში.
ჩირქოვანი კოლექციები დაფარულია გაბრტყელებული ეპითელიუმით, რომელიც მიჰყვება აბსცესის არხებს.
საბოლოოდ, ვითარდება კანისა და კანქვეშა ქსოვილის გაუხეშება (ფიბროზი), რამაც შესაძლოა კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნა გამოიწვიოს.
დისექციური ცელულიტის დიაგნოსტიკა და ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვანია დაავადების პროგრესირების და ნაწიბუროვანი ალოპეციის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენ გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.