MediClub Georgia and the Georgian Hair Research Society (GHRS) offer a one-day course in Trichology. January 31, 2026.
დეკალვირებადი ფოლიკულიტი არის პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეცია, რომელიც მიეკუთვნება ნეიტროფილურ ნაწიბუროვან ალოპეციებს და გვხვდება პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციების მქონე პაციენტების დაახლოებით 10,7-11,2%-ში.
რა უნდა ვიცოდეთ დეკალვირებადი ფოლიკულიტის შესახებ:
უპირატესად გვხვდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებში, უმეტესად მამაკაცებში.
დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ ოქროსფერი სტაფილოკოკის როლს მის განვითარებაში.
ლოკალიზაცია:
პათოლოგიური პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია თხემის ზედა ნაწილში.
თუმცა, მისი აღმოჩენა შესაძლებელია თავის თმიანი არის სხვა უბნებში, ასევე წვერზე, ბოქვენის მიდამოში, იღლიებსა და ბარძაყის შიდა ზედაპირებზე.
კლინიკური გამოვლინებები:
დაზიანებულ უბნებში აღინიშნება ჰიპერემიული (გაწითლებული) უბნები, ფოლიკულური ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები) და/ან მცირე ზომის კვანძები (პაპულები), ასევე ფოლიკულური ჰიპერკერატოზი (თმის ფოლიკულების ირგვლივ კანის გასქელება).
თმის ფოლიკულების ჩირქოვანი და დესტრუქციული პროცესის შედეგად ყალიბდება გამელოტებული უბნები, რომლებიც სპილოსძვლისფერი შეფერილობისაა.
დეკალვირებადი ფოლიკულიტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია პოლიტრიქია - ერთი თმის ფოლიკულიდან ამოდის მრავალი (5-დან 15-მდე) თმის ღერი.
პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილის, ქავილის და/ან წვის შეგრძნებას დაზიანებულ მიდამოში.
დიაგნოსტიკა და დიფერენციალური დიაგნოზი:
მნიშვნელოვანია დეკალვირებადი ფოლიკულიტის გამიჯვნა სხვა მსგავსი მდგომარეობებისგან, როგორიცაა:
სხვა ბაქტერიული ფოლიკულიტები
ვირუსული და სოკოვანი ინფექციები
ცენტრალური ცენტრიდანული ნაწიბუროვანი ალოპეცია
ნეკროზული აკნე
დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება ჰისტომორფოლოგიური კვლევა (დაზიანებული ქსოვილის მიკროსკოპული შესწავლა). ახლად წარმოქმნილი კერების ბიოფსიის ნიმუშებში ვლინდება:
კერატინის გროვები თმის ფოლიკულის ხვრელში მრავალრიცხოვანი ნეიტროფილებით.
ინტრაფოლიკულური (ფოლიკულის შიგნით) და პერიფოლიკულური (ფოლიკულის ირგვლივ) ნეიტროფილური ინფილტრატი (ანთებითი უჯრედების დაგროვება).
ცხიმოვანი ჯირკვლების დესტრუქცია დაავადების ადრეულ სტადიაზევე.
დაავადების შემდგომ სტადიებზე, ხანგრძლივი პროცესის შედეგად, ანთებითი ინფილტრატი შესაძლებელია გავრცელდეს დერმაში და შეიცავდეს ნეიტროფილებს, ლიმფოციტებსა და პლაზმოციტებს. ხშირად გვხვდება თმის ღერის გრანულომები უცხო წარმოშობის გიგანტურ უჯრედებთან ერთად. საბოლოო სტადიებზე გამოხატულია ქსოვილის გაუხეშება (ფიბროზი) და ჰიპერტროფული ნაწიბურები.
დეკალვირებადი ფოლიკულიტის დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა ხელს შეუწყობს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და ნაწიბუროვანი ალოპეციის თავიდან აცილებას. თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული სიმპტომები, მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.